четверг, 4 июня 2009 г.

უბისა

ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაძაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ.
უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღ­წერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშე­ნებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართვე­ლოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინა­რეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.
თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გა­უმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არ­სებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რო­მელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭუ­რებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.